პრემიერი: Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები - ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას
„ის პროექტი, რომელიც განხორციელდება Eagle Hills-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში, უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების სათანადო დონეს.
„ჯერ კიდევ 9.4% არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე, 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. წელს პირველად გადააბიჯებს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს მთლიანობაში. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება. რა თქმა უნდა, არ გაუვა ეს არცერთ კერძოდ მყოფ პოლიტიკურ ძალას. ამ პოლიტიკანებს არ გაუვათ ასეთი სპეკულაციები. დღეს სახელმწიფო არის სულ სხვა სიმაღლეზე და ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს შეეხება ჰესებს, ეს შეეხება მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ყველგან იქნება უზრუნველყოფილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება, სადაც ეს შეესატყვისება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. Eagle Hills-ის პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.