პრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემის ხარისხს ეხებოდა.
„თქვენ გახსოვთ, რამხელა შტურმი იყო სასამართლო სისტემაზე თავის დროზე - საბჭოური ტიპის აგიტაცია, სასამართლო სისტემის ბრენდირება და მაშინ ჩვენ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც მათი აზრით იყო უსამართლოდ გადაწყვეტილი. ვერც ერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ არაერთგზის მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელებით სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და წააგეს ყველა საქმე. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ნდობა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას და ის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება. საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა არის ასახული შესაბამის რეიტინგებშიც“, - განაცხადა პრემიერმა.