პრემიერი: ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა, ეს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგია
„ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა, ეს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგია - ამ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 9 პროცენტს შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში, ეკონომიკური განსხვავებების შემცირებასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის მოტივაციაც შემცირდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ემიგრაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„რატომ სურთ ადამიანებს ევროპაში ჩასვლა? - ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურა და მომსახურების მაღალი ხარისხი. ევროპამ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან სწრაფად განავითარა ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო. ბუნებრივია, თუ შევადარებთ, მაგალითად, ირლანდიაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხს საქართველოს, სხვა პოსტსაბჭოთა ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობას, განსხვავება ჯერ კიდევ თვალსაჩინოა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტია. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება და ჩვენ თანდათან ვამცირებთ ევროპულ ქვეყნებთან არსებულ ჩამორჩენას. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 ათას დოლარს შეადგენს. თუ, მაგალითად, გერმანიას შევხედავთ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60-78 ათასი დოლარის ფარგლებშია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განსხვავება კვლავაც არსებობს. თუმცა საქართველო ამ სხვაობას წლიდან წლამდე ამცირებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, თუ ამჟამად საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური განვითარების შესაბამისი მაჩვენებლებით დაახლოებით ორმაგი განსხვავებაა, 2031 წლისთვის ეს სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების დონე თანდათან დაუახლოვდება ერთმანეთს. იგივე ტენდენცია შეეხება ჩვენს რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნებსაც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ბუნებრივია, ეს დადებით გავლენას მოახდენს ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიგრაციის პროცესებზე.
„ბუნებრივია, ეს დადებით გავლენას მოახდენს ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიგრაციის პროცესებზე. გაიხსენეთ ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების გამოცდილება, რომლებიც გაერთიანებას 2000-იანი წლების დასაწყისში შეუერთდნენ. მათ მიგრაციასთან დაკავშირებული სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებიდან - ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტმა დატოვა საკუთარი ქვეყანა და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში გადავიდა საცხოვრებლად იმიტომ, რომ ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის უფრო განვითარებულ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განსხვავება არსებობდა. იგივე ეხება სხვა ქვეყნებსაც. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები დღემდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადასვლას ცდილობენ. თუმცა მომავალში, ეკონომიკური განსხვავებების შემცირებასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის მოტივაციაც შემცირდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ემიგრაცია ჩვენთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა. ეს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგია. ამ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 9 პროცენტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა“, - დასძინა პრემიერმა.