Loading data...
პრემიერი „ბიბისის“ რეპორტაჟზე - ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში, ნებისმიერი მასალა ხელმისაწვდომია ნებისმიერი საერთაშორისო სუბიექტისთვის და ნაცვლად იმისა, რომ გაეცნონ, ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს, ამ დონემდე არიან დასულები

„საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ბიბისის“ გამოძიებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს სარჩელის შეტანას შესაბამის ორგანოებში.

„საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი ნამდვილად გადაინაცვლებს და ეს ჩვენ არაერთხელ, პირველივე დღეს განვაცხადეთ, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი სარჩელის შეტანას ჯერ ბრიტანულ მაუწყებელში, იქაურ მარეგულირებელ კომისიაში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში, სამართლებრივი პროცედურები ჯერ კიდევ დაზუსტდება, ამიტომ საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს. რაც შეეხება მოწოდებებს, ეს მოწოდებები საერთოდ გაუგებარია.

ჩვენ ღიად განვაცხადეთ ერთი რამ - ნებისმიერი მასალა, იქნება ეს დოკუმენტები, ნივთიერებებთან დაკავშირებული მასალები, თუ ა.შ. ნებისმიერი მასალა არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საერთაშორისო სუბიექტისთვის, რომელიც ამის ინტერესს გამოხატავს და იმის მაგივრად, რომ მოვიდნენ და ჩაიხედონ, ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს, როცა მზად ვართ, აბსოლუტურად ყველაფერი გავუზიაროთ.

რატომაც დისკუსიაში ვერ შემოდიან ვერც ერთ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად იმიტომ აკეთებენ შორიდან განცხადებებს. ვეუბნებით, წაიღე, შენ თვითონ შეგიძლია შეაფასო, ამ ჭიქაში წყალი ასხია, თუ სხვა რამე, გაწვდი და ის მოდის და სადღაც იმის იქიდან აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. წაიღე და ნახე, რა გამოძიებაზეა საუბარი. მაგრამ ამ დონემდე არიან დასულები. „ბიბისი“ რა დონეზეა დასული ამაზე საერთოდ აღარ გვინდა საუბარი,“- განაცხადა პრემიერმა.