პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადმინისტრაციამ 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგა.
პოლიტიკურ პარტიებს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა პირველად აქვთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პარტიებმა, პარტიული სიები, ასევე, მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.