პეტრე მამრაძე: სააკაშვილის წლებში იყო დამოკიდებულება, რომ ხარ „ენჯეო“, გრანტი აღებულია, უნდა შეასრულო დავალება, ასე უყურებდნენ საქართველოს, მთელი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით
„სააკაშვილის წლებში იყო დამოკიდებულება, რომ ხარ „ენჯეო“, გრანტი აღებულია, უნდა შეასრულო დავალება, ასე უყურებდნენ საქართველოს. მთელი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე საუბრისას.
მამრაძეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს, რომელიც სუვერენიტეტის განმტკიცებას ეხება.
„ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომ საქართველოს არ სჭირდება დასავლეთი იმაზე მეტად, ვიდრე დასავლეთს სჭირდება საქართველო. ეს არის საზოგადოდ დიპლომატიაში პოსტულატი - როგორც კი შეგატყობენ, რომ მთხოვნელის პოზიციაში ხარ, ეს მაშინვე ძალიან წაგებიანი პოზიციაა. დღეს არის ობიექტური საფუძველი იმის, რომ საქართველომ ასეთი კურსი გაატაროს. მინდა გითხრათ, რომ დასავლეთის წამყვანი პოლიტოლოგები, გამოჩენილი მეცნიერები წერენ პირდაპირ, რომ ევროპამ თავის თავი სამასხროდ აქცია, საერთოდ აღარავინ უყურებს სერიოზულად ევროპას, ეს მათი ლიდერების ქცევის შედეგია“, - განაცხადა მამრაძემ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ პოლიტიკას ბრიუსელის არსებული შემადგენლობა დიდი ხნის განმავლობაში არ აპატიებს.
„ამის პატიება არ იქნება დიდხანს, ურსულების, მარტა კოსების, კაია კალასის შემადგენლობაში პატიება არ იქნება“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.