Loading data...
პაპუაშვილი ზოგიერთ „ენჯეოზე“: ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს და ღიად ცდილობს არჩევნების ჩაშლას, ის თავს აყენებს დემოკრატიის მიღმა

ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს და ღიად ცდილობს არჩევნების ჩაშლას, ის თავს აყენებს დემოკრატიის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. 

მისი თქმით, „ენჯეოებმა“, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ მიდიან არჩევნებზე, ამით მათი „ენჯეოშნიკობა“ დაამთავრეს.

„ამ არჩევნებში მნიშვნელოვანია ის, რომ ვნახეთ ღიად როგორ გამჟღავნდა ის გარე მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ანტიდემოკრატიულ ძალებს აქვს. ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობას“ დაანონსებული აქვს ძალადობრივი აქცია - არჩევნების ჩაშლა. ამას სოლიდარობა გამოუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. ამაზე მეტი სირცხვილი და სკანდალი რა უნდა შეემთხვეს ბრიუსელს, ვიდრე ეს არის. ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა.

ბოლო დღეებია ვისმენთ „ენჯეოების“ (რომლებიც ბრიუსელიდან ფინანსდებიან) განცხადებებს, სადაც ამბობენ, რომ ისინი არ მიდიან არჩევნებზე, მონაწილეობას არ იღებენ როგორც ამომრჩევლები. ამ „ენჯეოებმა“ ამ განცხადებით საბოლოოდ მოახდინეს საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან. მათი „ენჯეოშნიკობა“ დამთავრებულია. 4 ოქტომბრის შემდეგ, თუ სადმე გაჭაჭანდებიან ის „ენჯეოები“, რომლებსაც საუბარი ჰქონდათ, რომ არ მივლენ როგორც ამომრჩევლები, იცოდეთ, ესენი არის ანტიდემოკრატიული, რადიკალური „ენჯეოები“ და მათ დონორებს ყველას უნდა ავაფაროთ სახეზე მათი განცხადებები, რომ ისინი არიან რადიკალების დამფინანსებლები. იგივე ეხება იმ პარტიებს, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.