პაპუაშვილი: ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიჰბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაქეზებაზე, რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები ადრე თუ გვიან ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობის „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი წერს, რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს.
„რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკული რადიკალური ჯგუფის „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება?
ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება. ეს გამოფხიზლება იმის აღიარების შედეგია, რომ რადიკალიზმი შეუქცევადია და მისი საბოლოო გაჩერება ტერორიზმია.
რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. დემოკრატიის გადარჩენა არა რადიკალიზმის დათმენაში, არამედ მის აღკვეთაშია, რადგან დღევანდელი რადიკალიზმი ხვალ ტერორიზმად მოგვევლინება.
ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიჰბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე და დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რადგან რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები, ადრე თუ გვიან, ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან“, - წერს პაპუაშვილი.