Loading data...
პაპუაშვილი: ვნახეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორას, ემიგრანტების წნეხისგან დასაცავად არის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს მათ აძლევს საშუალებას, საკუთარ სამშობლოში მისცენ ხმა

2024 წელს ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები, ჩვენი ემიგრანტების ამ წნეხისგან დასაცავად არის, მათ შორის გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ მათ აძლევთ შესაძლებლობას, საკუთარ სამშობლოში ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მისცენ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების საკითხზე არაერთხელ გამოიკვეთა გარე ძალების ინტერესი და მტრული პოლიტიკა, რაც მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო მოიმატებს.

„რამდენიმე საკითხია, რაც დღეს უკვე არის ფაქტი. საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი და ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედურად დავინახეთ, როცა მათ შორის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩიც კი იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული.

აღარაფერს ვამბობ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებზე, პარლამენტის წევრებზე, მინისტრებზე, რომლებიც არა უბრალოდ სიტყვით იყვნენ აგიტაციაში ჩართული, არამედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შემდეგ ამას მოჰყვება მტრული პოლიტიკა, რაც ადასტურებს, რომ ეს ინტერესი არათუ დაიკლებს, არამედ იქნება კიდევ უფრო მაღალი, უხეში და თავხედური. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ უცხო ძალებმა. ერთი მაგალითია, როგორ იყო ჩართული გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამომრჩეველზე აგიტაციის და ზეწოლის საკითხში, ის თავად აორგანიზებდა ამომრჩეველთა აქტივობას გერმანიაში.

ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები უცხო ქვეყნებში ქართველებისა იმისთვის, რომ შემდეგ ისინი ჩაეშვათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომ მათი დეპორტაცია წაექეზებინათ, დაეშინებინათ, თუ არ მოიქცეოდნენ და ხმას არ მისცემდნენ ისე, როგორც მიუთითებდნენ შესაძლოა, მათი დეპორტაცია ყოფილიყო შედეგი. ჩვენ ვხედავთ ასევე გამოცდილებას სხვა ქვეყნებში“, - აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის ქვეყნებიც ჩივიან, რომ უცხო ძალების ჩარევა არის მათ არჩევნებში.

„ჩვენ ვიყურებით წინ, რათა არჩევნებზე უცხოეთიდან მავნე ზეგავლენა – ხელისუფლების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არ იყოს და ეს რისკები გამოირიცხოს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც წნეხის ქვეშ იყვნენ 2024 წელს. ამ არჩევნების წინ იყო მტრული გარემო შექმნილი იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელიც არ აჰყვა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ლიდერის პოზიციას, მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოდიოდა, ფაქტობრივად, მტრული გარემო შეიქმნას, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ვხედავდით ამას. იქაურმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა მათ დასაცავად.

ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, როცა ამ იურისდიქციის ქვეშ არიან ჩვენი მოქალაქეები, პოტენციური სამიზნეები არიან ამგვარი წნეხის, ამიტომ ჩვენი ემიგრანტების ამ წნეხისგან დასაცავად არის, მათ შორის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ მათ აძლევთ შესაძლებლობას, საკუთარ სამშობლოში ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მისცენ აქ ხმა. წინასწარ არის ცნობილი, 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.