პაპუაშვილი: ვხედავთ თავქარიან ბიუროკრატებს ბრიუსელში, ამიტომაც არ უშვებს აშშ-ის ადმინისტრაცია მათ მოლაპარაკების მაგიდასთან, იციან, თუ რამეს გააფუჭებენ, თორემ არაფერს გააკეთებენ

არ დავასახელებ, რომელი ელჩი იყო ჩემთან შეხვედრაზე არჩევებამდე პერიოდში, თუმცა ზუსტად იგივე სიტყვები მოვისმინე იმ ელჩისგან, რომ როგორ, პარტიის აკრძალვა ეს რანაირად არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვუთხარი, კი მაგრამ, უკრაინაში, მოლდოვაში რომ აკრძალეს-მეთქი? ისინი პრორუსი პარტიები იყვნენო. ასეთი მიდგომა როცა აქვს ადამიანს, რომელიც ვერ ხვდება საერთოდ, რას ნიშნავს პარტიის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომ არც უკრაინაში, არც მოლდოვაში პრორუსობისთვის კი არ აკრძალეს, არამედ თუ ვინმე აკრძალეს და ეს სამართლიანი აკრძალვაა, თუ ვინმეს აკრძალავენ უკრაინაში, მოლდოვაში თუ საქართველოში, კრძალავენ ანტიქართველობისთვის, ანტიუკრაინელობისთვის, ანტიმოლდოველობისთვის. ამაზეა საუბარი და როდესაც ასეთი კლიშეებით საუბრობს ზოგიოერთი უცხოელი, ზუსტად ამ დეფინიციებში ჩანს კარგად, ვისგან სესხულობენ ჩვენი ადგილობრივი წარმოშობის რადიკალები ნარატივებს: რუსული, რუსი, არარუსი, კრემლი, პუტინი და ასე შემდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა შალვა პაპუაშვილს მიმართა: „ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩი იყო? ეს რომ მაინც გვითხრათ“, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა:
„აღარ არის ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი, მაგრამ არც ნაკლები ქვეყანაა. ზუსტად ეს გვესმის მათგან. სინამდვილეში, ზუსტად მანდედან მოდის რუსი რუსის ძახილი. ხომ ხედავთ, დღეს რა ხდება. ტრამპმა როგორც კი თქვა, მშვიდობა უნდა დაამყაროს, კრემლთან გარიგებული არისო, ხომ ვხედავთ, რომ ამერიკის ადმინისტრაციას, ამერიკის პრეზიდენტს აბრალებს ზოგი ევროპელი ამ ყველაფერს და ქართველებიც უკვე წამოეწიენ ამ ყველაფერში. რაზე უნდა ვისაუბროთ, ჩვეულებრივი სამწუხარო განვითარებაა, მათ შორის, რასაც ვაკვირდებით ევროპულ პოლიტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ბრიუსელში არაპროფესიონალები არიან.
„დღეს ბრიუსელში ვხედავთ არაპროფესიონალებს, რომლებიც მსოფლიო საკითხებს წყვეტენ, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიო საკითხებზე გავლენის მოხდენა. ბრიუსელში ვხედავთ თავქარიან ბიუროკრატებს. ასეთი თავქარიანები რომ არიან, ამიტომაც არ უშვებს აშშ-ის ადმინისტრაცია მათ მოლაპარაკების მაგიდასთან. ხედავს, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, ამ ადამიანებმა სამი წლის განმავლობაში რა შეძლეს. საუბრობენ უკრაინის გამარჯვებაზე, რაშია ეს გამარჯვება და რით ეხმარებიან უკრაინას? ერთი მხრივ, ამბობენ, რომ უკრაინა იცავს ევროპას. აშშ ამბობს, რომ შორს არის ამ ომისგან გეოგრაფიულად და მისთვის უშუალო, გეოგრაფიული საფრთხე არ არის, ევროკავშირი და ევროპის წევრები ამბობენ, რომ ეს არის ომი ევროპისთვის.
რატომ არ იბრძვიან უკრაინაში? დღეს დავსვი ეს კითხვა, ბალტიის ქვეყნები რომ გამოირჩევიან განსაკუთრებით, რატომ ვერ ვხედავთ ესტონელებს, ლატვიელებს, ლიეტუველებს, რატომ არ იბრძვიან უკრაინაში? რატომ არ უჭირავთ ხელში ავტომატი და რატომ არ იბრძვიან? ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს კითხვა დავუსვი ამერიკის ყოფილ ელჩს, როდესაც ითხოვდა, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის.
2022 წლის 28 თებერვალს, როდესაც კიევს იყო მიმდგარი რუსეთის ჯარი, ოთხი დღის დაწყებული იყო ომი და ამერიკის ყოფილი ელჩი ჩემთან კაბინეტში ითხოვდა მხოლოდ ერთ პასუხს, რომ სანქციებს დავუწესებდით რუსეთს. როდესაც მას ვკითხე, კი მაგრამ, ძალიან კარგად იცით, რა უნდა უკრაინას და ზელენსკი ამას ამბობს, რომ სჭირდება სამხედროებით დახმარება. რა გინდა, ბირთვული ომი დაიწყოსო? რა თქმა უნდა, ამერიკის უშუალო ჩართვა ამ ომში გულისხმობს ბირთვულ ომს, მაგრამ წავიდეს ლიეტუვა. რატომ არის ის ბირთვული ომი, თუკი ლიეტუველები ჩაერთვებიან ან სხვები.
ნატოს წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრი ქვეყანა თუ წავა სხვა ქვეყანაში საომრად, ეს ვალდებულებას წარმოქმნის ნატოს წევრებისთვის, რომ ამ ომში მისი მხარდამჭერები იყვნენ. ასე რომ, ეს არის საბაბები, რომლებსაც ისინი ამბობენ. დღეს, როცა ვერ ვხედავთ ლიეტუველებს, ლატვიელებს, გერმანელებს, პოლონელებს, ფრანგებს, ოფიციალურ შენაერთებს უკრაინის მიწაზე, ეს არის ზუსტად ის, რომ სინამდვილეში, გულით არ არის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბოლომდე რომ ადარდებდეთ, თუ მართალია, რასაც ისინი ამბობენ, რომ უკრაინა მათ იცავს და მათ ინტერესშია, ამას გააკეთებდნენ უკრაინისთვის. მეორე მხრივ, არც მშვიდობას არ აცდიან ზოგიერთი პოლიტიკოსები უკრაინას.
ვხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მცდელობას, მშვიდობა დაამყაროს და ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგება ამას ზოგიერთი ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. ამიტომაც არის, რომ არ სვამენ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ზოგიერთს, რადგან იციან, თუ რამეს გააფუჭებენ, თორემ არაფერს გააკეთებენ.
საერთო ჯამში, ის ისტერიული პოლიტიკა, რასაც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან თუ ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან ვხედავთ, ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს სხვებისგან. საგამოძიებო კომისიის ნაწილია ზუსტად სააკაშვილზე როცა ვსაუბრობთ. ასეთი ისტერიული პოლიტიკა ჩვენ მისგან გვაქვს ნანახი. ამ ისტერიამ როგორ მოიტანა ომები, ნგრევა, უბედურებები საქართველოში, ესეც ძალიან კარგად დავინახეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.