Loading data...
პაპუაშვილი: უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს, ჯანდაბას, თბილისი ჰაერში აიწიოს, ოღონდ მიზნებს მივაღწიოთო, რას გადაგვეკიდნენ? საქართველოს ომში ჩათრევას შეეშვან

უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს, რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ, იომონ, საქართველოს ჩათრევას შეეშვან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა არჩევნების წინ, უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოში სხვადასხვა ოპერაცია ხორციელდება. 2017 წელს გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება იყო და დადასტურდა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. 2021 წლის არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს. ასაფეთქებელი ნივთიერებების ფაქტი გაიხსენეთ, რაც არჩევნების წინ ხდება.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ასეთ რამეს როცა აკეთებს და ცდილობს, დამხობას, ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოაქვს, ზელენსკის განდიდებას ისევ აპირებენ? მათგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზეა გადასული ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. ამ ყველაფერს ხმამაღლა არ ვამბობთ, არ ვსაყვედურობთ და არ ვსაუბრობთ, მაგრამ ასეთ საქმეებს რომ აკეთებენ, რაიმე მეგობრობაში ჯდება? იმაზე აღარ ვსაუბრობ, თავის ომში როგორ გვითრევდნენ და უნდოდათ, რუსეთთან ესკალაციაში შევსულიყავით. ამ ყველაფრის შემდეგ ქართული გვარების მქონე ადამიანები ზელენსკის განდიდებით რომ არიან დაკავებული, ამიტომ არიან უსამშობლოები.

როგორ შეგიძლია, სამშობლო გიყვარდეს და ამაზე ხმას არ იღებდე? ვინც დაკავებულია, ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთში გასატანად იყო გამიზნული, თუმცა რაც ვიცით? ავლაბარში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება მიდიოდა, რუსეთი არ არის. ვთქვათ, დავიჯერეთ ეს ვერსია, რომ რუსეთში უნდა გაეტანათ და სპეცსამსახურები არაფერს გვერჩოდა, 2,4 კგ „ჰექსოგენი“ რას ნიშნავს, დაგუგლეთ და გაიგებთ. თვითმფრინავში დეზადორს ან სანთებელას არ აგატანინებენ, რომ არ აფეთქდეს. 2,4 „ჰერქსოგენი“ ავლაბარში რომ იქნებოდა, ხომ შეიძლებოდა, რაღაც მომხდარიყო, შეიძლება, ეს ნივთიერება რაღაც ზემოქმედების შედეგად აფეთქდეს ან ტრაილერი გადაბრუნებულიყო და აფეთქებულიყო, მთელ ავლაბარს ცაში აიტანდა. ამას უკრაინის სპეცსამსახურები გვიკეთებდნენ.

ამას შეგუებული იყო უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი მუშაობს, ლორთქიფანიძე. ისტორიაში ყორღანაშვილები რომ გვსმენია, ასეთი ქართველები იყვნენ. სისხლით ქართველი და თავისი არსით ანტიქართველია. ამას გეგმავდა და ეგუებოდა, რომ შეიძლება, აფეთქდეს, მაგრამ ჯანდაბას, ავლაბარი და თბილისი ჰაერში აიწიოს, ოღონდ, მიზნებს მივაღწიოთო. ოღონდ, რუსეთს ზიანი მიაყენონ და ქართველ ბავშვებს, ქალებს ჯანდაბამდე გზა ჰქონოდათ, აქ რომ აფეთქებულიყო?

მათ ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს და, საბედნიეროდ, ქართული სპეცსამსახურები უფრო ფხიზელი და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ქართველი მოღალატე, იქ რომ უზით. მოღალატეს რომ გვერდით დაიყენებენ, ის მათაც უღალატებთ. თუნდაც, რომ დავიჯეროთ, რუსეთში მიჰქონდათ, ჩვენ რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ, იომონ, საქართველოს ომში ჩათრევას შეეშვან. ჩვენ რომ ომი გვქონდა, არავინ ჩაგვითრევია და რისკის ქვეშ არავინ დაგვიყენებია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.