Loading data...
პაპუაშვილი: თუ სწორად მივხვდი, კალასი და კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთიბლივ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.

პაპუაშვილი, ასევე, ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.

„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა.

არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.

რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, - წერს პაპუაშვილი.