Loading data...
პაპუაშვილი: წინდახედულობაა საჭირო, მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩომ იცის, რა ტიპის პროგანდისტული მედია, ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვყავს, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალში ასე აღარ მოხდება

„წინდახედულობაა საჭირო, მით უმეტეს აშშ-ის საელჩომ იცის, რა ტიპის პროგანდისტული მედია, როგორი ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვყავს, მათ არ უნდა მისცეს ნოყიერი ნიადაგი, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალში ასე აღარ მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელშიც საუბარი იყო, რომ რამდენიმე სავაჭრო ცენტრში შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურსა და საელჩოს შორის იყო გარკვეული მისკომუნიკაცია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება.

„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო, რომ ხანძარია. სამწუხარო არის, მათ შორის სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე.

ასეთ დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან, ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანი, გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება.

ვნახეთ, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხზე, რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საელჩოს განცხადებით რადიკალურ ოპოზიციას ნოყიერი ნიადაგი მიეცა, რომ საზოგადოებაში პანიკა დაეთესა.

„ვნახეთ პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია, როგორ ცდილობდა, დაეზაფრა საზოგადოება. მათ შორის ვნახე ბატონი მთივლიშვილი, რომელიც ყველას კარგად ახსოვს შოვის ტრაგედიაზე საკუთარი ინტერესებით, სკანდალებით, თითქოს ამხილა ვინმე და სინამდვილეში ისტერიას თესავდა სხვების ტრაგედიის ხარჯზე.

დადასტურდა მისი დეზინფორმაცია და ტყუილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უცხოელი მეცნიერების მიერ. შემდეგ ბატონ მთივლიშვილს რომ მედლებს ჰკიდებენ და აჯილდოებენ, იმის შედეგია, რომ თუ არ ვცდები, სამი პოსტი დაწერა ამ საკითხზე, ხან „მოლთან“ დადო ფოტო , რომ ხალხო, ნახეთ, რა ხდება, ახლა უნდა ავფეთქდეთ. ამას შეუწყო ხელი. ეს აჩვენებს, რომ წინდახედულობაა საჭირო. მით უმეტეს, აშშ-ის საელჩომ იცის, რა ტიპის პროგანდისტული მედიაა, როგორი ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვყავს, მათ არ უნდა მისცეს ნოყიერი ნიადაგი. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ასეთი განცხადება, რომ დაედო, წარმოგიდგენიათ? ხომ დადასტურდა, რომ არ იყო სარწმუნო ინფორმაცია.

სუს-ის განცხადება, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია ამ საკითხზე, კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ასე აღარ მოხდება. იყო დისკომუნიკაცია, მაგრამ ვიცი რა, სუს-ის და საელჩოს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ეს აღარ მოხდება. აუცილებელია წინდახედულობა, როცა იცი, რომ პროვოკატორებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოსექტორი“ და პროპაგანდისტული მედია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.