პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის ინვესტიციებს, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას
როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ შუა დერეფნის გახსნა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს.
„საინტერესოა, დავაკვირდეთ ხოლმე, ვინ არიან ამის [კრიტიკის] ავტორები, რადგან სწორედ ესაა მიზანი, მთლიანად რეგიონი იყოს გარკვეული წნეხის ქვეშ და არ განვითარდეს.
პირიქით, ეს სამშვიდობო შეთანხმება ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად რეგიონისთვის, რომელიც არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციასთან არის კავშირში, რაც ყველასთვის საკმარისი ტვირთი იქნება ინფრასტრუქტურულად აწყობისთვის.
მნიშვნელოვანია მათ შორის კონკურენციის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები იყოს შეთავაზებული გადამზიდველებისთვის და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფანი.
კონკურენცია ამას მხოლოდ ზრდის. რა თქმა უნდა, ეს თავისდათავად არის გზავნილი რეგიონის სტაბილურობასთან დაკავშირებით, რაც ყველა სხვა სახის, როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის ინვესტიციებს, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას, რომელიც მთლიანად რეგიონისთვის იქნება სასარგებლო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.