პაპუაშვილი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე: ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო
„ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს და ირანის ურთიერთობას და მათ შორის პასუხობს კრიტიკას, რომელიც ირანთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, როცა დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან, ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს შედარებით მცირე სახელმწიფოებისთვის.
„უპირველეს ყოვლისა, ყველა სახელმწიფოსთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი მოწოდებაა, რომ გვქონდეს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები. განსაკუთრებით, როდესაც ეხება რეგიონის სახელმწიფოებს.
ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა.
მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელიც ჩვენთან ერთად ამ რეგიონში საუკუნეებია არის და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ქვეყნებთან ან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ამ დიპლომატიური ურთიერთობის შესაბამისად მოქმედებ, ან ხარ დაპირისპირებაში და არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგალითად, როგორც რუსეთთან არის ჩვენს შემთხვევაში.
მათი ქმედებებიც [ოპონენტების] რომ შევაფასოთ თუნდაც ამ დღეებში, მათი შეფასებები რა იყო მთავრობის განცხადებებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებისა, ჩვენი განცხადების და ქმედებისა და რა იყო მათი ალტერნატიული შემოთავაზება, დღეს ისინი ერთ წუთში ამოყოფდნენ თავს იმავე ომში, ისევე როგორც მანამდე რუსეთ-უკრაინის ომში ითრევდნენ საქართველოს. ასე, რომ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკაა ახლა მნიშვნელოვანი.
როცა დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან, ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს შედარებით მცირე სახელმწიფოებისთვის. ასე რომ, ამ დროს ერთადერთი და მთავარი პოლიტიკა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ მშვიდობას და მეორე, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო შიგნით და ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოს გარეთ, რასაც დღეს ჩვენი მთავრობა აკეთებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.