Loading data...
პაპუაშვილი ფიშერის განცხადებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეხვედრის გადადებაზე: როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს.

მისი თქმით, როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის.

„ტყუილია! როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის და ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში. არ ვიცი ელჩს რატომ დასჭირდა ტყუილი, რომ თითქოს ბრიუსელის მიერ სანქცირებული პირი იყო დელეგაციაში. ევროკავშირის მხრიდან არავინ არ არის სანქცირებული. ესტონეთს თავში რა მოუვა, ესტონეთის ჭკუაზე თუ დადის ბრიუსელი.

თუ ბრიუსელი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ არის და ესტონეთის ჭკუაზე დადის, უნგრეთის ჭკუაზე რატომ არ დადის? უნგრეთი მაგალითად, როდესაც დიპლომატიური პასპორტების სავიზო რეჟიმი შემოიღეს - არ დათანხმდა, რას ერჩიან უნგრეთის ხელისუფლებას. წვრილმანი, უდონო, თავხედობა, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ, გახდა სამწუხაროდ სამარკო ნიშანი ბრიუსელის ბიუროკრატიისა და გერმანიის ელჩის განცხადებაც ამის დასტურია.

მაშინ რაღატომ სჭირდებათ კონსენსუსი? თუკი მთელი ევროკავშირი ბატონ ცაჰკნაზეა დამოკიდებული, და როდესაც ყველაზე გამორჩეულ ქართველს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, რომელსაც მთელ ესტონურ ოლიმპიურ გუნდზე მეტი მედალი აქვს. ამ ხელისუფლებასა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ჭკუაზე რატომ დადის ბრიუსელი? ეს არის პრობლემა. ასეთ ბრიუსელთან როგორ შეიძლება ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ? როდესაც მიტინგზე მდგომი ესტონეთის საგარეო მინისტრის ჭკუაზე დადის ამხელა ორგანიზაცია, რომელიც ღირებულებებზე საუბრობს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მას ჰკითხეს პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციის მიმართ რეპრესიებია.

„სიცრუეა, ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.