Loading data...
პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: ჩვენი მიზანია, დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის

დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა, ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი, ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის. სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას მილიონ ასოცი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც შარშან, არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჩატარდა სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება და მომზადდა 450-გვერდიანი ანგარიში, რომლის საფუძველზეც მოხდა „ნაცმოძრაობის “ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შეფასება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულების სახით წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს და მან უნდა განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის.

„მიზანი არის ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია. ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში. იმით, რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია. ესენი არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანი არის, რომ სარჩელით, რომლის უკანაც დგას მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.