Loading data...
პაპუაშვილი „მეგობარი აქტზე“: ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა, ამ აქტით აშშ-ის პრეზიდენტს ვერავინ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტის“ ერთადერთი დანიშნულება იყო საინფორმაციო ხმაურის შექმნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ორი დღის განმავლობაში ეტარებინათ ბრიფინგები, ევროკომისიის პრესმდივანი გამოხმაურებოდა ამ საკითხს და ყოფილიყო საინფორმაციო ხმაური ქართულ პოლიტიკაში ისტერიის შემოსატანად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი აქტი.

„აშშ-ის პრეზიდენტს არ სჭირდება არავის უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს, ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ. მეორე - ვერც ამ აქტით აშშ-ის პრეზიდენტს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები. როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო, გადაეწყვიტა, დაასანქციროს ვინმე თუ არა, ასევე იქნება მომავალშიც და ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს და ვერც დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს. ეს არის რეალობა - საინფორმაციო ხმაურის შექმნა.

გასაგებია, რომ აქტის სახელწოდება შინაარსთან არ მოდის შესაბამისობაში, ეს ორუელისეული ნიუსფიქი, რომ ომი ნუ გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, ეს რას ნიშნავს, პრაქტიკაში დაგვანახა კონგრესმენმა ვილსონმა, თუმცა ჩახედეთ შიგნით და ნახავთ, მაგალითად, რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს.

მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაონ ერთად. აბა, სად არის ოპოზიცია, მათთვის თუ ბიბლია არის ეს აქტი, სად არიან, აბა ვერ ვხედავთ პარლამენტში. მათ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ეს ერთი.

მეორე - ცოტა განმაცვიფრებელია და აქ არ ვიცი, როგორც ჩანს, ბატონი უილსონი სხვა რელსებზეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება „იუესაიდს“, შექმნას, შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ამ „იუესაიდს“ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.

არ ვიცი, ბატონი კონგრესმენი ჩამოყალიბდეს, თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ სასაუბრო თემად ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.