პაპუაშვილი: კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, ის არ უნდა არსებობდეს, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა
პარტიების აკრძალვის თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება არც არასდროს მიგვიღია და არც არასდროს მივიღებთ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტიები ანტიკონსტიტუციურები არიან, ისინი არ უნდა არსებობდნენ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, რომ განსაჯოს. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა. საკონსტიტუციო სარჩელის უკან დგას არა „ქართული ოცნება“, არამედ მილიონ 120 ადამიანი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს? ეს ვინმეს აზრია? - კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, მისი არსებობა კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. ხომ მიზანშეუწონელია, რომ ფაშისტური და ძალადობრივი პარტია არსებობდეს?“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.