Loading data...
პაპუაშვილი ჰერჩინსკის წერილზე: 2024 წლის ივნისში ბრიუსელმა თავად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავ

„ეს არის, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდას შეიძლება მოკლე ეფექტი ჰქონდეს მაგრამ მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელმა დიდი თანხა და პოლიტიკური ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების საკითხით მოეხდინა გავლენა ქართველ ამომრჩეველზე.

„ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ინტენსიურად მიდის იმის გამო, რომ საქართველო არ აჰყვა მოწოდებებს და 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის.

ამის შემდეგ დაიწყო თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა იყო ის, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი.

რაც არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე, 2024 წლის ივნისში ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა ქართველ ამომრჩეველზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.