პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ამ ტონით რომ გველაპარაკება, თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება - დღეს ევროკავშირი ფარისევლობაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ბოლო წლებში სწრაფად იზრდება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩის ეს განცხადება სამარცხვინოა.
„რამდენიმე კვირის წინ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ პრემიერ-მინისტრმა თავად გამოაქვეყნა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. ახლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი გამოწვევები გვაქვს, ცხვირაბზუებული გვეუბნება, რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო.
ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს, რომ აქ გველაპარაკება ამ ტონით, თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება. გვერდით ეჯდა ელჩი ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გააქვს რუსეთში. ასეთი ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი.
ბრიუსელი დღეს არის ღირებულებებისგან დაცლილი, ბიუროკრატების თავყრილობა, რომელსაც ერთადერთი, რაც შეუძლია, არის სხვების დაზიანება. მათ არ აქვთ არანაირი უნარი, ძალა, შემოქმედებითი მიდგომა რაიმეს მიმართ. ერთადერთი, რასაც დღეს ბრიუსელი აკეთებს, არის ნგრევა. რაც მთავარია, ანგრევს სხვების და საკუთარი ხალხის ბედსაც. ამიტომაც არის რომ ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა ბრიუსელისა და მათი მარიონეტების წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.