Loading data...
პაპუაშვილი: გერმანიის ელჩმა აირჩია არა ხიდის, არამედ კედლის როლი, ასეთ პირობებში, რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ გაუმჯობესდებოდა ურთიერთობა, იმედი გვაქვს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ურთიერთობა საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს

არ მინდა, რომ სიღრმეებში შევიდეთ და იგივე საკითხებზე დავიწყოთ საუბარი, რა პრეტენზიებიც გვქონდა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. ვნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ მოკლე განცხადება. ჩვენი პოზიციები ნათელი და უცვლელია, ის პრეტენზიები, რომლებიც გერმანიის ელჩის მიმართ გვქონდა, დასაბუთებულია და კვლავ ძალაშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ არც ერთ პრეტენზიაზე, გერმანიის მხრიდან პასუხი არ მიუღიათ. მისივე განმარტებით, მათი მხრიდან ელჩის გაწვევა, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვისთვის შანსი.

„გერმანიის მოქმედმა ელჩმა, სამწუხაროდ, აირჩია არა ხიდის, არამედ კედლის როლი და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ რამენაირად გაუმჯობესდებოდა მთავრობებს შორის ურთიერთობა. ამიტომ, იმედი გვაქვს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ურთიერთობა საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს. ყველამ იცის, თუ როგორ აფასებდა ჩვენი ქვეყანა, ქართული საზოგადოება გერმანიის როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ელჩმა მოახერხა, რომ 30 წლიანი სანიმუშო პარტნიორობა 3 წელიწადში, ფაქტობრივად, დაანგრია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.