პაპუაშვილი: გახარია-„ლელოს“ ტანდემს 28 ქალაქში კანდიდატი არ ჰყავს, ესეც აჩვენებს, რომ არათუ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ, არამედ ვერ პოულობენ ადამიანს, რომელიც მათი პარტიის სახე იქნება

გახარია-„ლელოს“ ტანდემს 28 ქალაქში კანდიდატი არ ჰყავს და 430 მაჟორიტარი ვერ დაასახელეს ქვეყნის მასშტაბით. ესეც აჩვენებს, რომ არათუ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ, ვერ პოულობენ ადამიანს, რომელიც გახარიასა და „ლელოს“ პარტიის სახე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი რეიტინგებშიც აისახება.
„დღეს უკვე დასრულდა რეგისტრაცია, მათ შორის კომისიებში წევრების დასახელება და ა.შ. ვნახეთ, რომ გახარია-„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1 600 წევრის მოძიება, რომ დაესახელებინათ. 28 ქალაქში კანდიდატი არ ჰყავთ და 430 მაჟორიტარი ვერ დაასახელეს ქვეყნის მასშტაბით. კვლევას რომ თავი დავანებოთ, ესეც ხომ აჩვენებს, რომ არათუ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ, ვერ პოულობენ ადამიანს, რომელიც წავა ამ ნაბიჯზე, რომ გახარიასა და „ლელოს“ პარტიის სახე იყვნენ.
რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, საქმე გვაქვს „ლელოსთან“, რომელიც არის თაღლითობის მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. თავად ხაზარაძემ აღიარა, რომ ანაკლიის საქმის გამო შექმნა ეს პარტია და მოვიდა პოლიტიკაში.
დღეს ყველამ დადასტურებულად ვიცით, ყველა ინსტანციით და ყველა საერთაშორისო არბიტრაჟით, რომ იყო თაღლითობა, რასაც ისინი აპირებდნენ ანაკლიაში და როგორ აპირებდნენ, რომ საქართველოს ბიუჯეტის თითქმის 15% ჯიბეში ჩაედოთ. საქართველოს ბიუჯეტის 15%-მდე ჯიბეში რომ ჩაედოთ, ამ მიზნისთვის შექმნეს თაღლითური პარტია „ლელო“.
და მეორე – გახარია, რომელიც დაფუძნებულია სრულიად ღალატზე. ეს ადამიანი არის ქრონიკული მოღალატე. ჯერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, გახსოვთ თქვენ, რომ უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გაიქცა. ახლა თავის პარტიასაც გაექცა და არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი. შესაბამისად, რეიტინგებშიც ეს ყველაფერი ასახულია.
ხალხი ამას ხედავს. ხედავს, რომ არის მცირე ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ღამე დაიარებიან და ძალადობენ. იმიტომაც ძალადობენ, რომ ისინი თავად ხვდებიან, ცოტანი არიან და ექსტრემისტები არიან. ასე რომ, ეს ყველაფერი აისახება რეიტინგებშიც და რაც მთავარია, 4 ოქტომბერს ყველა დაინახავს ამას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.