პაპუაშვილი ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული
„ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორ პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას, ასევე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შევხვდი.
შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას. მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.
ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.
საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება“, - წერს პაპუაშვილი.