პაპუაშვილი: ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი
აქამდე თუ საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა დაეთანხმოს უკრაინა, ახლა, როგორც ჩანს, ამას დაემატა ევროპა, რაც დამაფიქრებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში.
„ყურადღებამისაქცევია, რომ გუშინ პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა. როგორც ჩანს, აქ იგულისხმებოდა ვეროკავშირი. აქამდე თუ საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა დაეთანხმოს უკრაინა, ახლა, როგორც ჩანს, ამას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების მონაწილეობისა, რაც დამაფიქრებელია და კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმ ეჭვებზე, რომლებზეც არის საუბარი თვით ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი ამ ომში.
სწორედ ამიტომაც უწოდა ამერიკის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ამ ომს პროქსი ომი, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. ასე რომ, როგორ ჩანს, ეს კვანძებიც იხსნება და უფრო ნათლად ჩანს, რომ ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში.
ეს ინტერესები სხვადასხვანაირად გვესმოდა – ბალტიის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები საუბრობდნენ , რომ ვიდრე უკრაინაში ომია, მანამდე მათ საფრთხე არ ემუქრებათ და როგორც ჩანს, ზოგიერთს ამიტომაც აწყობს ამ ომის გაგრძელება. ზოგისგან გვესმოდა, რომ უკრაინა ეს არის პირველი საბრძოლო ხაზი ევროპისთვის.
ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ამ ომის წარმოება იმ მხრივ, რომ რუსეთი დაესუსტებინათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში, რაც მთლიანად ამ მიდგომის ფარისევლობას აჩვენებს, არის, რომ არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანას არ სურს, თავად იომოს ის ომი, რომელიც გუშინ უკვე ოფიციალურად საკუთარ ომად გამოაცხადეს, როდესაც თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე ისინიც უნდა დათანხმდნენ და მხოლოდ უკრაინის თანხმობა საკმარისი არ არის. ასე რომ, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თუ ამბობს, რომ ეს არის ევროპის, ევროკავშირის ომი, მაშინ ისმის კითხვა, რატომ ჩაასხეს რუსეთის ეკონომიკაში უფრო მეტი ფული, ვიდრე მისცეს უკრაინას.
ომის დაწყებიდან 181 მილიარდი ევრო გამოუყვეს უკრაინას, მაშინ, როდესაც მხოლოდ ენერგომატარებლებზე 210 მილიარდი გადაუხადეს რუსეთს. ჯამში კი 310 მილიარდი გადაუხადეს რუსეთს და ამით რუსეთს უკრაინასთან შედარებით 130 მილიარდი ევროთი მეტი ფული მისცეს. მეორე – თუ ეს ევროკავშირის ომია და მათი თანხმობაა თურმე საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რატომ არ ომობენ, რატომ არ იღვრება იქ ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი, რატომ გადადის მთლიანად ეს ომი უკრაინელების მხრებზე და მათი გმირობის წყალობით რატომ მიდის მხოლოდ ეს ომი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, არის დიდი გამოფხიზლება ყველასთვის, რომ შეხედოს იმ რეალობას, როგორც იმართება საერთაშორისო პოლიტიკა.
„არავინ ჩვენი ერის ინტერესებისთვის თავს არ შეიწუხებს არსად. ყველა ფიქრობს საკუთარ ინტერესებზე და უპირველეს ყოვლისა, ამ ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს სხვა ქვეყნებს. ამიტომაც იყო თავის დროზე, 2022 წელს, რომ ასე პაიკად გვწირავდა ბევრი პირდაპირი ზეწოლით, მათი მარიონეტების ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებაზე და უშუალოდ კაბინეტებში საქართველოს ხელისუფლების ბიძგების დროს, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ.
ერთადერთი ვერ გათვალეს, რომ მათ საქართველოს სახელისუფლებო კაბინეტებში არ დახვდნენ მარიონეტები, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო და საქართველოს ხელისუფლებამ უთხრა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებზე წინ არცერთი ქვეყნის ინტერესს არ დავაყენებდით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.