პაპუაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა, არანაირი ფასი არ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსთან მიმართებით ფაშისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
„როდესაც ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც გაკეთებული აქვს ფაშისტური განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით - შეგახსენებთ, მან თქვა რომ ინფექციაა „ქართული ოცნება“ და ეს არის ფაშისტური განცხადება და რომ ეს ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევს. ასე რომ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.
ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ვხედავთ ევროპარლამენტში ადამიანს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ, ითქვა კიდევაც, რა დაემართება ამ რეზოლუციებს - არანაირი ფასი მათ ჩვენთვის არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.