Loading data...
პაპუაშვილი: ერთადერთი, რაც გერმანიის ელჩს შეუძლია, გააკეთოს, არის ბოდიშის მოხდა, რადგან თავს იწონებდა იმ ჯგუფის წარმომადგენელთან, რომელიც სხვების დეჰუმანიზებას ახდენს

სირცხვილია, როდესაც გერმანიის ელჩი ხელს ართმევს ადამიანებს, რომლებიც სხვების დეჰუმანიზებას ეწევიან. სირცხვილია, როდესაც ამ იდეოლოგიის ნორმალიზებას ახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „გერმანიის ელჩის შეხვედრა იყო ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურ ახალგაზრდობასთან, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირმა კარი გააღო საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში, გაერთიანება შეუძლებელია. ეს არის მოძრაობა, რომლისგანაც რადიკალური ქმედებები აქამდეც გვინახავს, მათ შორის იყო მარიამ ლაშხზე ერთგვარი თავდასხმა, მივარდნა. როგორ შეაფასებთ გერმანიის ელჩის კონკრეტულ ჯგუფებთან მის ურთიერთობებს?“

პაპუაშვილის შეფასებით, წუხს, რომ დღეს ფორმალურად საქართველოში გერმანელ ხალხს პეტერ ფიშერი წარმოადგენს.

„გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან მაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა, მათ შორის პროფესიული. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ფორმალურად საქართველოში გერმანელ ხალხს წარმოადგენს ეს ადამიანი. უკვე აღარ ვიცი, რა უნდა ავხსნა, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იგებს ან არ იგებს იმას, რაზეც არის საუბარი.

მგონი, საერთოდ ვერ ხვდება, რა კულტურულ გარემოში, რა ქვეყანაში იმყოფება, ვინ ვართ ქართველები, რა გვინდა ქართველებს და ასე შემდეგ. ამ შეხვედრით თავს იწონებს გერმანიის ელჩი, მათ შორის, სოციალურ ქსელში, „ტვიტერზე“ იქნება თუ სხვაგან, აქვეყნებს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას.

ადამიანზე, რომლის გვერდითაც დგას, რომელიც წარმოადგენს ამ დაჯგუფებას, ამბობს, რომ ის მაგალითია მომავალი თაობის, თუ სამოქალაქო აქტივიზმისა. ეს არის ადამიანი, თუ არ ვცდები, ქალბატონი ფრიდონიშვილი, რომლის ორგანიზაცია და პირადად საჯაროდ იყო ჩართული მარიამ ლაშხის წინააღმდეგ.

არ მინდა გამოვიყენო ტერმინი, რას ნიშნავს ეს ქცევა, როდესაც ადამიანს უწოდებ ცოცხალ არსებას, მონას. შემიძლია, გერმანიის ელჩს მივცე უნდა ისტორიული, უნდა ენციკლოპედიური განმარტება, რას ნიშნავს ეს ტერმინები, რას ნიშნავს ადამიანის დეჰუმანიზება და რა იდეოლოგიის მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვებს არსებებად მოიხსენიებენ, მათ დეჰუმანიზებას ახდენენ.

დეჰუმანიზება არის ადამიანისთვის მისი პიროვნული ღირსებების აყრა, თქმა, რომ ადამიანი არ არის, არ აქვს პიროვნული ღირსებები, ფაქტობრივად, არის საგანი, ცოცხალი არსება, როგორც, თუ არ ვცდები, ქალბატონი ფრიდონიშვილი ამბობს. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ამბობს, რომ შენი ოპონენტი ან ის, ვინც არ მოგწონს, თუ ადამიანი არ არის, მაშინ ყველაფერი შეიძლება. მასზე ძალადობა შეიძლება, მასზე თავდასხმა შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, ვინაიდან ის არ არის ადამიანი, ის, ფაქტობრივად, არის ნივთი. ამიტომ იყენებენ მონას, ამ ტერმინს, რომ მონა არის უფლებებაყრილი ადამიანი, ფაქტობრივად, არაადამიანი თავისი ბუნებით, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე.

აი, ამ ადამიანს ართმევს ხელს გერმანიის ელჩი, ადამიანს და ორგანიზაციას, რომლის იდეოლოგია ეფუძნება ადამიანის დეჰუმანიზებას. ხელს ართმევს და ამბობს, რომ ეს არის მაგალითი აქტივიზმისა. ამ იდეოლოგიას გასულ საუკუნეში თავისი სახელი ჰქონდა და ამ ტერმინს არ გამოვიყენებ, მაგრამ სირცხვილია, როდესაც გერმანიის ელჩი ხელს ართმევს ადამიანებს, რომლებიც სხვების დეჰუმანიზებას ეწევიან. სირცხვილია, როდესაც ამ იდეოლოგიის ნორმალიზებას ახდენს. კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ დღეს გერმანელ ხალხს წარმოადგენს ეს ადამიანი.

ფაქტია, ვცდილობთ და ყველანაირად ვცდილობდით, მისთვის აგვეხსნა, რომ არ შეიძლება ადამიანების დეჰუმანიზების ნორმალიზება, არ შეიძლება, როდესაც ამას აკეთებს უცხო ქვეყნის ელჩი, ამას აკეთებს გერმანიის ელჩი. დაუშვებელი, აღმაშფოთებელი, მიუღებელი და ამაზრზენია, როდესაც დეჰუმანიზების ნორმალიზებას ახდენს. ამიტომ, ეს სამწუხარო მდგომარეობაა.

ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ამ ადამიანს ვერაფერს ვაგებინებთ – ან არ უნდა გაიგოს, ან ვერ იგებს. არც ერთი არის კარგი მოცემულობა, არც მეორე. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, გააკეთოს, არის ის, რომ ბოდიში მოიხადოს, რადგან თავს იწონებდა იმ ჯგუფის წარმომადგენელთან, რომელიც სხვების დეჰუმანიზებას ახდენს. 21-ე საუკუნეში ამგვარი იდეოლოგიის მქონე ადამიანების ნორმალიზება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.