Loading data...
პაპუაშვილი: ძალადობა იწვევს ძალადობას, პარლამენტში მომხდარი თავდასხმის დროს, ხარობდა ნახევარი ოპოზიცია

ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც პარლამენტის წევრზე მიმდინარეობდა პირდაპირი ძალადობა, არავინ ამასთან დაკავშირებით არ აღშფოთებულა.

„არ მახსოვს არავის აღშფოთება, როდესაც პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა „ენჯეომ“. საელჩოები, რომ აფინანსებენ სწორედ იმ დიდმა „ენჯეოებმა“ და შემდეგ ეპითეტები მოჰყვებოდა ამ პლაკატებს, პირდაპირ თავიანთ ოფიციალურ სოციალური ქსელის ანგარიშებზე დადეს. არც მაშინ მახსოვს როდესაც, პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა. ჰკითხეთ პარლამენტის წევრებს, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათ ოჯახის წევრებზე, დღემდე მიდის. არ მახსოვს აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მდინარაძეს ხარობდა ნახევარი ოპოზიცია და ჟურნალისტები ამ ფაქტით ხარობდნენ. 

„მამუკა მდინარაძეს, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა და გარეთ გამოვიდა, ჟურნალისტები ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ. „პუბლიკას“ ჟურნალისტი მას გადაეხვია და მადლობები უხადა ამასთან დაკავშირებით. გვახსოვს მაშინ რა რეაქციები იყო ამასთან დაკავშირებით. ძალადობა და თავდასხმა რომელიც პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა. ხარობდა ნახევარი ოპოზიცია. ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.