Loading data...
პაპუაშვილი: დღეს არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის, ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველია და მეორე მხარეს - რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წინააღმდეგია

დღეს არჩევანი არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი და მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგია, - განაცხადა ჟურნალისტებთან ჟენევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარი საყვედური ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ მმართველი გუნდი უცხოელებს არ უჯერებს. თავად ოპოზიციის მთავარი დაპირება კი არის, რომ ისინი ქვეყანას გარე დავალებებით მართავენ. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მათ ამ დონეზე დაჰყავთ სისხლით მოტანილი დამოუკიდებლობა.

„რაც შეეხება არჩევნებში მათ [ოპოზიციის] მონაწილეობას, შანსი რა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ გამოდიან და მთავარი საარჩევნო დაპირება აქვთ, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ გარედან მიღებული მითითებებით. რადიკალური ოპოზიციის მთავარი საყვედური ხელისუფლების მიმართ არის, რომ არ ვუჯერებთ უცხოელებს და მთავარი დაპირებაც არის, რომ ისინი დაუჯერებენ უცხოელებს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს მართავენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილების და მითითების მიხედვით. ასეთ ადამიანებს ვინ უნდა მისცეს ხმა?!

როგორ შეიძლება, მათ [ოპოზიციას] საერთოდ მანდატი ანდო ხალხმა, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ, 30 წელია, ვაშენებთ ქვეყანას და მოდიან ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველობა უუნარობას ნიშნავს, არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია, უნდა დავუჯეროთ რასა იუკნევიჩიენეს და ბრიუსელის პრესსპიკერს?! ამ დონეზე დაჰყავთ მართლაც სისხლით მოტანილი დამოუკიდებლობა. დღეს არჩევანი ზოგადად პოლიტიკურ ლანდშაფტზე არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც არის დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი და მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი და ამბობს, რომ ქართველებს არ შეგვიძლია, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ბრიუსელის პრესსპიკერმა და რომელიღაცა ელჩმა, უცხოელმა პოლიტიკოსმა უნდა გვითხრას ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.