პაპუაშვილი: არანაირი კავშირი დღგ-ს სურსათის მაღალ ფასებთან არ აქვს, მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა წლებია, მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე - ეს არის ბუნებრივი პროცესი თუ არის კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის
„არანაირი კავშირი დღგ-ს მაღალ ფასებთან არ აქვს. მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა წლებია. მნიშვნელოვანია ყველამ ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე - არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალებმა ახლაც კი ვერ მოახერხეს საზოგადოების ინტერესების მხარეს დადგომა.
„ჩვენ ვნახეთ მცდელობები რადიკალების მხრიდან, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამჯერად მაინც ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე. ყველა თანხმდება, რომ ფასები, რაც შეეხება სასურსათო პროდუქტებს, არის შეუსაბამოდ მაღალი თუკი შევადარებთ მათ იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება მისი იმპორტი. მეორე, მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც ახსნები. დღგ და ასეთი საკითხები ჩავარდა. თავად რადიკალების მხრიდანვე უარყოფილია. არანაირი კავშირი დღგ-ს მაღალ ფასებთან არ აქვს. მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა წლებია. შესაბამისად, ყველა ეს ცრუ გამართლება, რომელიც სცადეს თავდაპირველად, ჩავარდა. ახლა მნიშვნელოვანია ყველამ ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე - არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის.
კიდევ ერთხელ შემოვიდა თემა თავისუფალი ბაზრის შესახებ და ის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება ზოგჯერ რეგულაციებით მოწესრიგება, ზოგჯერ აღსრულების პროცესით რეგულაცია და ა.შ.“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი დაიწყებს საკითხში გარკვევას და ამ მიმართულებით მუშაობას.