პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება
26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფრუსტრირებულები არიან - „ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან, რომ ვერ ასრულებენ დავალებას და ამის გამო მათ სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან მათი დამკვეთები უბრაზდებიან“.
„რაც შეეხება იმ დანაშაულებრივ გაერთიანებას, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, დანაშაულებრივი გაერთიანების მთელი არსი ისაა, რომ რაღაც დანაშაულები უნდა დაგეგმონ. ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება.
რაც მთავარია, ვხედავთ, რომ თავადაც არიან ფრუსტრირებულები. ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან იმის გამო, რომ ვერ ასრულებენ დავალებას, უბრაზდებიან მათი დამკვეთები სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან და შემდეგ ეს ბრაზი გადმოაქვთ ერთმანეთზე და ჩხუბობენ ერთმანეთთან. ასე რომ, რა უნდა ვნახოთ? ვნახავთ აღლუმს და ჩვენი წვევამდელების ფიცს და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.