Loading data...
პაატა სალიამ გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაუმჯობესებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, საქართველოში საჯარო სერვისების ეფექტიანობასა და მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებაზე.

„ჩვენ ვეყრდნობით ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს. ელექტრონული სერვისებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე საქართველო აქტიურად აერთიანებს ციფრულ ინოვაციებს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში სწორედ ჩვენი 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ქმნის მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ ჩარჩოს“, აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა თბილისში დაგეგმილი გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„საქართველო, გაეროსთან პარტნიორობით, 23-25 ივნისს მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს თემაზე: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ჩართულობის და ინკლუზიურობის განვითარება“. დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისი უზრუნველყოფს აქტიურ პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობითი აზროვნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას“, განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სესია ნიუ-იორკში 13-17 აპრილს იმართება. CEPA გაეროს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც სწავლობს და იძლევა რეკომენდაციებს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების სტრუქტურების გასაუმჯობესებლად.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.