პაატა სალია: მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები, რომ მოხდეს ამ ომში საქართველოს ჩათრევა

„ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტს ჰქონდა განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეღოთ გარკვეული სანქციები საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი ამ მსგავს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე ტენდენციას, რომ ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ დააწესონ გარკვეული ტიპის შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ წამყვანის კითხვის პასუხად, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.
„ხშირ შემთხვევაში ეს სიებიც გაურკვეველია როგორ დგება. ჩვენ ეს ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ მოხვედრილი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმასთან, რაც თითქოს სანქცირების საფუძვლად იყო მითითებული. ეს ტენდენცია გააგრძელა გერმანიამ, თუმცა მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად სანქცირების რეჟიმს, ამას არ შეუძლია შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ, მცდელობას რომ ეს სანქციები რაღაც სადამსჯელო მექანიზმად იყოს გამოყენებული და ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისთვის გარკვეულწილად მაშველ რგოლად, მუხტის შესაქმნელად ქუჩაში, [გამოიყენება] რათა აქციები გაგრძელდეს. სხვა დანიშნულება, სხვა პრაქტიკული ამოცანა ამ მოქმედებებს დღეს არ აქვს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვართ; მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები საქართველოს მიმართ, რომ მოხდეს ამ კონფლიქტში მისი ჩათრევა. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ აბსოლუტურად არასწორ ფაქტებზე იყო დამყარებული, რომელიც იყო გარკვეულწილად აქაური ოპოზიციის აღქმებზე დამყარებული და რომლის ერთადერთი მიზანი იყო გამოეწვია ურთიერთობების ესკალაცია რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. ეს არის ამ დაწყებული მოქმედებების გაგრძელება“, - აღნიშნა სალიამ.