Loading data...
ნინო წილოსანი: ხვალინდელი დღე შედგება, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება

„ხვალინდელი დღე შედგება. ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, შესაბამისად წინა მოწვევის პარლამენტი შეწყვეტს ფუნქციონირებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ ასრულებს ყველა იმ დაკვეთასა და დავალებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა. 

„საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი პოლიტიკური კულტურით გაიზარდა და ჩამოყალიბდა ნამდვილ დემოკრატიად და სახელმწიფოდ, როდესაც მსგავს აბსურდულ და გიჟურ მოქმედებებზე უკვე აღარავინ წამოეგება და ოპოზიციის მუქარა, რომ მათი მიზანია ხვალ რაიმე ჩაშალონ, დიდი ხანია 2012 წლიდან მოყოლებული, მათი მიზნები არ მართლდება.

ამის შემოქმედია ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა უზრუნველყო ის, რომ დაამარცხა „ნაცმოძრაობა“ და ყველა ჯერზე ამარცხებს თავისი ჩვეული ფორმირებებით და განშტოებებით. ამ არჩევნებზეც ჩვენი უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, იმ დიდ ლეგიტიმაციას და მოტივაციას გვაძლევს, რომ როგორც ხვალინდელი, ისე ყველა პოლიტიკური დღე დაიწყოს და დასრულდეს ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის გამარჯვებით.

ხვალინდელი დღე შედგება. ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, შესაბამისად წინა მოწვევის პარლამენტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. ოპოზიციის შემოსვლა - არ შემოსვლის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად იქნება გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა, თუმცა ეს პარლამენტი უფლებამოსილია ქართველი ხალხის მხრიდან.

„ქართულ ოცნებას“ აქვს 89 მანდატი, მანდატების ეს რაოდენობა საკმარისია ყველა ძირითადი პროცესის საწარმოებლად. „ქართული ოცნება“ ასრულებს ყველა იმ დაკვეთასა და დავალებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგვცა, მათ შორის იმ წინასაარჩევნო პროგრამის გათვალისწინებით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ჩვენი პოლიტიკური ლიდერები აცხადებდნენ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.