ნინო წილოსანი: ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდგომი ფაზა წყევლა იქნება, ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება ომსა და სიღარიბეში დაბრუნებით
„ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, თურმე ომში, გაჭირვებასა და სიღარიბეში დავბრუნდებით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, საქართველო აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, თუმცა ისეთი ბიუროკრატები, როგორიც ჰერჩინსკია, ევროპას ევროპის გზისკენ ნამდვილად ვერ წაიყვანენ.
„შემდგომი ფაზა აშკარად წყევლა იქნება. ფაქტია, ჰერჩინსკი აჟღერებს იმ ევრობიუროკრატების პოზიციებს და მუქარებს, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში საკმაოდ მკაცრად გვიპირისპირდებოდნენ, ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვას უპირისპირდებოდნენ. უპირისპირდებოდნენ იმას, რომ ქართველ ხალხს ჰქონოდა არჩევანის საშუალება, რომ ოჯახი და სხვა ულტრალიბერალური მიმდინარეობები მისთვის უფრო ღირებული ყოფილიყო, უპირისპირდებოდნენ იმას, რომ ამ ქვეყანას სცოდნოდა გამჭვირვალედ, ვინ რას გეგმავს და რას აპირებს. ალბათ, ევროკავშირის ელჩს ბრიტანეთის ელჩმა და წარმომადგენლებმა უნდა დაუსვან კითხვა – მისთვის ბრიტანეთი, როგორც არაევროკავშირის წევრი, თუ ომის, არეულობის, სამოქალაქო დაპირისპირების და სიღარიბის რისკის ქვეშ დგას, ალბათ შეუძლია, იგივე ბრიტანეთის ელჩსაც უთხრას, რადგან ნამდვილად ვერ მივხვდით და ვერ დავიჭირეთ ლოგიკა. საქართველო აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, თუმცა ისეთი ბიუროკრატები, როგორიც ამ განცხადების ავტორია, ევროპას ევროპის გზისკენ ნამდვილად ვერ წაიყვანენ.
ელჩი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და თანამშრომლობის საფუძველია. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ პაველ ჰერჩინსკი თავის მისიას ყველაზე უხერხულად ასრულებს და ყველაზე არამეგობრული განცხადებებით გამოდის. გვინახავს დიპლომატები, რომლებსაც, რაღაც კონკრეტული დავალებების მიუხედავად, თავიანთი პირადი ინიციატივით გამოუხატავთ კეთილგანწყობა და პირიქით არ გაუღვივებიათ დაპირისპირება. ელჩი, როგორც დიპლომატი, უნდა ცდილობდეს ქვეყნებს შორის გაუგებრობების, დაპირისპირების, თუ სხვადასხვა დისონანსის აღმოფხვრას, გასწორებას და არა ამ ყველაფრის გაუარესებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.