ნინო წილოსანი: გახარიას პარტია შემოდის პარლამენტში შემადგენლობით, რომლისთვისაც ამომრჩეველს მხარი არ დაუჭერია
„გახარიას პარტია არის „ქართული ოცნების“ მოღალატე გახარიას მიერ შექმნილი პარტია, რომელიც თავისი არსებობის დასაწყისში ამომრჩეველს ატყუებდა, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დააგროვა ელემენტარული მხარდაჭერა, რომლითაც ის გავიდა 2021 წლის არჩევნებში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
მან ისაუბრა, თუ როგორ ჩამოყალიბდა გახარიას პარტია და თუ რას შეიძლება ელოდონ გახარიას პარტიისგან, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში.
„მან შექმნა კოალიციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის სრულიად მორალისგან დაცლილი პარტია, რომელმაც, ერთი მხრივ, უღალატა „ქართულ ოცნებას“, მეორე მხრივ, წავიდა და „ნაცებს“ შეეკრა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კარგად თანამშრომლობდა „ნაცებთან“, - განაცხადა წილოსანმა.
მან ასევე გაიხსენა გახარიას პარტიის საქმიანობა პარლამენტში და აღნიშნა, რომ არ არსებობდა არც ერთი დესტრუქციული მომენტი, სადაც „გახარიას პარტიის წარმომადგენლები არ უერთდებოდნენ კრებსით ნაცურ მოძრაობას“. მან ისაუბრა 2024 წლის არჩევნებზე გახარიას პარტიის მიერ მოპოვებულ ხმებზეც.
„მათივე კვლევებში, რომლებსაც აქვეყნებდა „ფორმულა“, „მთავარი“ და ასე შემდეგ და რასაც დაეყრდნო თავდაპირველად მათი პროტესტი, გახარიას და „ლელოს“ პარტიას იგივე პროცენტს უწერდნენ, რაც რეალურად მიიღეს. ანუ ვის პროცენტს იცავდა და ვისთვის იბრძოდა გახარიას პარტია, როდესაც გამოდიოდა და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც მათივე კვლევებითაც გახარიას პარტიას ზუსტად ის პროცენტი ჰქონდა ცესკოთი დაწერილი, რაც მიიღო.
ამიტომ 2024 წლის არჩევნებშიც მან დაადასტურა, რომ სრულიად „ნაცების“ შეფუთვითა და მათი დაცვით იყო დაკავებული. აკეთებდა ყველაფერს, რომ გაეძლიერებინა ეს ბოროტი იდეა - „ნაცობა“ და შემდგომში ეს ბოიკოტირების პროცესი, დესტრუქციაში ჩართულობა, აქციებში მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე მძიმე დანაშაული, ვის წინაშეც მიუძღოდა სწორედ იქ, აქციაზე მდგომი ადამიანები იყვნენ და ესეც კი აპატიეს. ვგულისხმობ იმ ღამეს, როდესაც მისი ან დაუდევრობის, ან მიზანმიმართულად არასწორი მოქმედების შედეგად ადამიანებს ჯანმრთელობა დაუზიანა“, - განაცხადა წილოსანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლის სურვილზეც.
„შემოდის პარლამენტში და როგორი შემადგენლობით? - შემადგენლობით, რომლისთვისაც ამომრჩეველს მხარი არ დაუჭერია. ეს არის სრულიად უცნობი შემადგენლობა. ისეთი სათადარიგო სკამებიდან გამოსული და შემოყვანილი ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო არალეგიტიმურს ხდის მათ შემოსვლას. ამიტომ მათი მხრიდან ლეგიტიმურობაზე საუბარი ამ კუთხითაც ძალიან სასაცილოა“, - აღნიშნა წილოსანმა.