ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია არის საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების შესაძლებლობა
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჩინეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი გზავნილია, რომ ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების შესაძლებლობაა.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. მაღალი რანგის ურთიერთშეხვედრების ფონზე, სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები გვაქვს. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი. გარდა საქმიანი შეხვედრებისა, ასევე იყო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კულტურული პროგრამა.
ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, ეს არის ქალთა განათლების ინსტიტუტი, რომელიც ქალთა ფედერაციას ეკუთვნის. ეს ინსტიტუტი თავის დროზე დაფუძნდა ქალებისთვის განათლების და პროფესიული გადამზადების მიზნით, თუმცა, მოგვიანებით უკვე უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ქალების გაძლიერება, როგორც მათი განათლების, პროფესიული გადამზადების და ლიდერობის მიმართულებით, განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ძალიან სასარგებლო ხასიათი ჰქონდა, რაც მთავარია, ურთიერთთანამშრომლობაა ჩინურ მხარესთან.
ჩვენ ამ შეხვედრების ფარგლებში არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებები, არამედ განათლების, ინოვაციების, ახალგაზრდების და ქალთა მიმართულებებიც დავფარეთ. ჩვენი მთავარი გზავნილი, რომ ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია, საქართველოს შემთხვევაში, საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების და პროგრესის გააზრების საუკეთესო შესაძლებლობაა“, - აღნიშნა წილოსანმა.