ნინო წილოსანი: ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, თუმცა, ამ პროცესს აფერხებს ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველო ასრულებს ვიზალიბერალიზაციით დაწესებულ წესებს. ის ასე ეხმაურება ტექნიკურ შეხვედრას, რომელიც დღეს, 11 ივნისს ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს წარმომადგენლებთან უნდა გაიმართოს.
„ფაქტია, რომ ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, რაც აფერხებს ამ პროცესს, ეს არის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული. ამიტომ კარგია, რომ მათ შორის, ეს სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები ვერ აბიჯებენ წესებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის განმარტებითვე, ტექნიკური ხასიათი ექნება. ოფიციალური თბილისი კი ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს.