ნინო რუხაძე კოლეგებს: ნამდვილად დიდი პრივილეგია იყო თქვენთან ერთად ვყოფილიყავი იმ დიდი საქმეების ნაწილი, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს დედაქალაქში
თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ საკრებულოს წევრებს, თავის კოლეგებს საქმიანობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დიდი პატივია თბილისის კეთილდღეობისთვის ზრუნვა ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორებიც თბილისის საკრებულოში არიან.
„დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც მომეცა შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს წევრის რანგში მემსახურა. ნამდვილად დიდი პატივია იყო თქვენთან ერთად ვყოფილიყავი იმ დიდი საქმეების ნაწილი, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ქალაქში, თბილისში. ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგებმა კარგად წარმოაჩინა, რომ ის პროექტები, ის ინიციატივები, რომლებიც კახა კალაძის ლიდერობით განხორციელდა, დიდი მოწონებით და მხარდაჭერით სარგებლობს თბილისელების მხრიდან. ეს პროექტები ქალაქისთვის დიდი შენაძენია. ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც ამ წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა. მათ მე დღეს შემიძლია ჩემი მეგობრები ვუწოდო.
მინდა, წარმატებები ვუსურვო თბილისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეების კეთებაში“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.