ნიკოლოზ სამხარაძე: შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო - უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში
„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის დეპუტატებთან გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას.
„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ ოკუპაციის პრობლემატიკაზე. გვთხოვეს, მიგვეწოდებინა მაქსიმალურად ზუსტი და დეტალური ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი ეს დეტალი უცნობი იყო. მათ შორის, მათთვის უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში), უცნობი იყო ასევე ის, რომ საქართველოსგან დღესაც კი ითხოვს ევროკავშირი, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოთ, უცნობი იყო ის დონე ჩარევის, რომელიც საქართველოს არჩევნებში 2024 წელს მოხდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.