Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ინტერესებში არ შედის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება, ამას შესაძლოა, მოჰყვეს სამხედრო პასუხი, იმასაც ვხვდებით, რომ რუსეთის პირისპირ ისევ მარტო აღმოვჩნდებით

რუსეთთან მიმართებით გვაქვს მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა, რასაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. საქართველოს ინტერესებში არ შედის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

თუმცა, სამხარაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ეს არის ახალი ტალღა. რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკის გატარებას ითხოვენ. არის მცდელობები, რუსეთთან მიმართებით სანქციების პოლიტიკა კიდევ უფრო დაამძიმონ. არ აკლებენ მცდელობებს, ამ სანქციებში საქართველოც ჩართონ, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა, რასაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს. მათ შორის მხარს უჭერს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. რუსეთთან მიმართებით ეს ადამიანებიც მხარს უჭერენ იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ატარებს, მათ შორის სანქციების არდაწესების პოლიტიკას. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება. ჩვენ არ ვაპირებთ, ეკონომიკური თვითმკვლელობის აქტის ჩატარებას, მით უმეტეს, რომ სანქციების დაწესებას შესაძლოა, მოჰყვეს არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სამხედრო პასუხი რუსეთის მხრიდან. კარგად ვიცით და იმასაც ვხვდებით, რომ ასეთი პასუხის შემთხვევაში, რუსეთის პირისპირ ისევ მარტო აღმოვჩნდებით. ეს გაკვეთილები გავლილი და ნანახი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, მაგრამ ყველას პირობას ვაძლევთ, რომ საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.