Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარი პრობლემა და წყალგამყოფი არის 2024 წელი, როდესაც ევროკავშირმა და მისმა წამყვანმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არ აღიარებდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „დებატების“ ეთერში აცხადებს, რომ ქვეყნის უმთავრესი ამოცანები ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ხოლო ევროინტეგრაცია სწორედ ამ ეროვნული ინტერესების მსახურია.

მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობაში მთავარი წყალგამყოფი 2024 წელი გახდა, როდესაც ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის ნებით ჩატარებული არჩევნები არ აღიარა და ოპოზიციის ბოიკოტსა და ქვეყნის იზოლაციის მცდელობებს დაუჭირა მხარი.

„ბატონ ცოტნეს [კობერიძეს] მინდა ვუთხრა, რომ ერს საგარეო პოლიტიკა არ კრავს, იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი სხვადასხვა დროის მოცემულობაში ან ისტორიის მოცემულობაში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ქვეყნის დღეს და ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, არის ორი რამ: ერთი არის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება საქართველოში და თითოეული ქართული ოჯახისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა და მეორე - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ორი მთავარი ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის საგარეო პოლიტიკური ვექტორი, მათ შორის ევროკავშირში წევრობის სურვილი და ასე შემდეგ, არის ამ ორი მთავარი იდეის მსახური.

თუ არ გვინდა ევროკავშირი, რას აკრიტიკებთო მაშინო? შეეშვითო... რომ გვინდა ევროკავშირი, სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ ამდენს, თორემ, რომ არ გვინდოდეს, საერთოდ აღარ ვილაპარაკებდით.

მთავარი პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა როდის დადგა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში? - მთავარი პრობლემა და წყალგამყოფი არის 2024 წელი, რის შემდეგადაც ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, რომ, ერთი მხრივ, ჩატარდა არჩევნები, დაიდო შედეგი, რომელიც ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ ეს იყო ის შედეგი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა და ამის შემდეგ ევროკავშირმა და მისმა ერთმა წამყვანმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ის არ აღიარებდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, მოუწოდა ასევე წევრ ქვეყნებს, თქვენც არ აღიაროთ ეს არჩევნებიო და მხარი დაუჭირა სწორედ იმ ბოიკოტს, რომელსაც ეს კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს იზოლაციას, ამაში მათ ეხმარებოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ევროკავშირს წარმოადგენდნენ“, - აცხადებს სამხარაძე.