ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო
ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ვიზიტი შარშან უნდა განხორციელებულიყო და მაშინ, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ვიზიტი ჩაშლილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, განცხადებები, რომელიც ეუთომ გააკეთა, ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და რაც არ უნდა თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამ ყველაფერს ამხელს.
მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებაც, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც პარლამენტი ჰქვია.
როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან. ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.
ასევე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს. ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრის მთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება“, - აღნიშნა სამხარაძემ.