Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგს ვთხოვეთ, რომ ევროკომისიას საქართველოსთან დიალოგის განახლება შესთავაზონ

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ლუქსემბურგელ კოლეგებთან - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასსა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენთან გამართეს.

ლუქსემბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ორმხრივი კავშირების გაფართოების გეგმები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიის წინაშე თბილისთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ევროკავშირთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე.

„ახლახან დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ეკონომიკურ პროგრესს. ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს ჰქონდათ კითხვები ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, რა როლს თამაშობს ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე და რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.

ჩვენ ვთხოვეთ ლუქსემბურგულ მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენონ საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, დიდი ინტერესი გამოიწვია - 10-ზე მეტი დეპუტატი ესწრებოდა, რაც ნათლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.