Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც.

„მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის არც ჩვენს და არც ევროკავშირის ინტერესში, თუმცა ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც ფორმალურად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ მათ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა ეს დიალოგი აღდგეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის აღსადგენად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, შუა დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებაში, რომლის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ევროკავშირია, რადგან ევროპაში ტვირთების დიდი ნაკადი სწორედ საქართველოს გავლით შედის“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.