Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა

ახლახან დავასრულეთ შეხვედრა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

„განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება, იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის ფორმატში.

ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებზე, რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე. ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.

ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა სამხარაძემ.