ნიკოლოზ მეტრეველი: გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია, ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილს ეხმაურება და კითხვით მიმართავს, თუ რა იცის ისეთი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრის შინაარსზე, რომ ასე თავდაჯერებით საუბრობს.
მეტრეველის თქმით, ხუხაშვილის იაფი გათვლა მუდამ მარტივია – დღეს რაღაცას იტყვის, ხვალ ახალ თემაზე გადავა და ჰგონია, რომ საზოგადოებას გუშინდელი ნათქვამი დაავიწყდება, თუმცა არქივები არ იწვიან.
„ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა. თქვენ კი ამ შეხვედრიდან ისე გადახვედით ამერიკელ დემოკრატებზე, საქმეში ჩაუხედავ კაცს ეგონებოდა, საუბარს თავად ესწრებოდით. ერთი კითხვა მაქვს: შეხვედრის შინაარსზე რა იცით ისეთი, რომ ივანიშვილის მოტივებზე ასეთი თავდაჯერებით ლაპარაკობთ?
კარგად მახსოვს, 2023 წლის 24 ივნისს ევგენი პრიგოჟინი ჯაბა იოსელიანს შეადარეთ და გამოაცხადეთ, რომ „მოლაპარაკებების შედეგად პუტინი გადადგება ან გაქრება“. როლებიც დაარიგეთ, ფინალიც გამოაცხადეთ. მხოლოდ რეალობა ვერ დაითანხმეთ თქვენს სპექტაკლში მონაწილეობაზე. თქვენი იაფი გათვლა ხომ მუდამ მარტივია: დღეს რაღაცას იტყვით, ხვალ ახალ თემაზე გადახვალთ და გგონიათ, საზოგადოებას გუშინდელი ნათქვამი დაავიწყდება. თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ, ბატონო გია. თუმცა, საბედნიერდ არქივები არ იწვიან. ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის იანვარში ისრაელის ელჩ რან გიდორსაც შეხვდა, იმავე წლის მარტში ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკენზი სმიტს, ხოლო 2022 წლის მარტში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს. საინტერესოა მაშინ რომელი ლობის გადაბირებას ცდილობდა?
ისე, ცნობისთვის, ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი, ზოჰრან მამდანი, დემოკრატია. 2025 წელს, როცა აშშ-ის 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო, წარმომადგენელთა პალატის ოთხივე მუსლიმი წევრი დემოკრატი იყო. ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკას უმრავლესობა დემოკრატების მკაცრად აკრიტიკებს. 2026 წლის აპრილში სენატის დემოკრატიული ფრაქციის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ორ ინიციატივას, რომლებიც ისრაელისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და ბომბების მიყიდვის შეჩერებას ითვალისწინებდა.
აქედან გამომდინარე, თუ შეიძლება მიხედეთ ისევ „ლელოს“ და მამუკა ხაზარაძეს მიეცით რჩევები. თქვენი პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება. ზუსტად შესაფერისი მრჩეველი ხართ“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.