Loading data...
ნიკოლოზ კახეთელიძემ გარემოს დაცვის კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ნიკოლოზ კახეთელიძემ 2024 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც კომისიის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ აღნიშნა, დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გარემოს დაცვის კომისიამ თბილისის მერს და მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართა, რომელიც შემდგომ დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში აისახა. ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, გარემოს დაცვის კომისიისა და დედაქალაქის მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, 2025 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხები გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებებისთვის, ასევე, ზოოლოგიური პარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობისთვის და ცხოველთა მონიტორინგის პროგრამისთვის გამოიყო.

2024-2025 წლების ანგარიშის წარდგენისას ნიკოლოზ კახეთელიძემ დედაქალაქის გამწვანების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში, თბილისში 7 დიდი და მცირე ზომის სკვერისა და პარკის მოწყობა დასრულდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20-ზე მეტ დიდ და მცირე ზომის სკვერს, პარკს და სარეკრეაციო სივრცეს. ნიკოლოზ კახეთელიძემ აღნიშნული პროექტებიდან ყურადღება ვერის პარკის, გლდანის პატარა ტბის გარშემო ახალი რეკრეაციული სივრცის და ბოტანიკურ ბაღში არსებული იაპონური ბაღის აღდგენის სამუშაოებზე გაამახვილა. ამას გარდა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდა ხე-მცენარეების რგვის, სარწყავი არხების მოწყობისა და სანიტარიული ჭრების სამუშაოები.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე, გაიმართა კომისიის 13 სხდომა, რომელზეც 84 საკითხი განიხილეს. საანგარიშო პერიოდში კომისიამ მოამზადა და საკრებულოს წარუდგინა 84 სამართლებრივი დასკვნა. კომისიაში შევიდა 319 განცხადება/წერილი, რომელზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. გარემოს დაცვის კომისიის მიერ განხილული საკითხებიდან აღსანიშნავია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები“, რომლის ფარგლებშიც, სულ ფუნქციური ზონის 219 ცვლილება განიხილეს.

ანგარიშის წარდგენისას ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის რანგში გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის 16 სხდომა ჩატარდა, რომელზეც 342 საკითხი განიხილეს. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის სტატუსით მან მონაწილეობა მიიღო განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების 184 პროექტის; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების 71 პროექტისა და დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი 25 პროექტის განხილვაში.

რაც შეეხება საკრებულოსა და ფრაქცია - „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობას. ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, მან მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 16 და ფრაქციის 16 სხდომაში.