ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დაიჭერენ ის პოლიტპატიმარი იქნება.
გვარამიას განცხადებით, ის პოლიტპატიმრად მიიჩნევს ყველას, ვინც პოლიტიკური პროცესების გამო არის დაკავებული.
„მე ყველას პოლიტპატიმარს ვეძახი მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკოსის სტატუსი როდესაც დაიჭირეს. ისინი პოლიტიკური პროცესების გამო არიან ციხეში და მათი დაჭერის წინაპირობა არის პოლიტიკური და ისინი პოლიტპატიმრები არიან. მათ შორის, ის „ქოცებიც“ რომლებიც დაიჭირეს იმის გამო, რომ ამ წუთში რომელიღაცა პოლიტიკოსმა ასე ჩათვალა საჭიროდ ის ხალხიც პოლიტიკურ პატიმრებად მიმაჩნია.
მათ, რა თქმა უნდა, არ ვუთანაბრებ სამშობლოს ბრძოლისთვის დაჭერილ და მისჯილ ადამიანებს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პოლიტპატიმრად მივიჩნევ ყველას, ვინც სამართლიანი გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს გარეშე პოლიტიკური მიზეზით იმყოფება ციხეში. ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი.
მე ვერ მივუდგები ვერავის ორმაგი სტანდარტით. მგონია, რომ პასუხისმგებლობა დამნაშავის, ნებისმიერის უნდა დადგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვერ დადგება, თუ სასამართლო არ არსებობს ასეა მოწყობილი სამყარო.
ყოფილან ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომელიც საერთოდ არ მეხატებოდნენ გულზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დანაშაული ჩაიდინეს. მაგრამ თუ ადამიანი სასამართლოს და გამოძიების გარეშე ზის ციხეში ის ვერ იქნება სამართლიანი პატიმარი.
როცა პოლიტიკოსია, როგორიც არ უნდა იყოს უკვე ჩნდება პრეზუმფცია. მაგალითად, გიორგი გახარია რომ დაიჭიროს 20 ივნისისთვის ბიძინა ივანიშვილმა, არ იქნება პოლიტიკური პატიმარი?!“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.