„ნეიტრალური საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ევროილუზია დასრულდეს და რეალურად შევხედოთ, ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის რაც არის აუცილებელი და სასარგებლო“ - პარტიის ყრილობაზე აღმასრულებელ მდივნად ვატო შაქარიშვილი აირჩიეს
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა.
პარტიის აღმასრულებელ მდივნად ვატო შაქარიშვილი აირჩიეს.
პოლიტსაბჭოს წევრები მასთან ერთად იქნებიან ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი.
მათ ისაუბრეს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და პარტიის მიზნებზე.
„ნეიტრალიტეტი დაგვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დების მიმართ. ნეიტრალიტეტი გაზრდის საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით, ეს იქნება შუა დერეფანი თუ სხვა სავაჭრო ლოგისტიკური მსხვილი პროექტები. ნეიტრალიტეტი მოგვიტანს გრძელვადიან სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, ნეიტრალიტეტი გახსნის გზას სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებისათვის, რამაც უნდა შეგვაძლებინოს ეკონომიკური გარღვევა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ვაშინგტონი და ბრიუსელი გვიკარნახებს, ვისთან გვქონდეს ვაჭრობა, ვისი ინვესტიციები მივიღოთ, ვისი არა, ვისთან ვიმეგობროთ და ვის ვეომოთ, თუნდაც ეს ჩვენს ფიზიკურ განადგურებას იწვევდეს. უნდა შევეგუოთ, რომ თუ ჩვენ ევროილუზიაში ყოფნას გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან, ვაშინგტონი და ბრიუსელი კვლავ შეძლებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას. პარტია „ნეიტრალური საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ევროილუზია დასრულდეს, რომ რეალურად შევხედოთ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის რა არის აუცილებელი და სასარგებლო“, - აცხადებს პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.